ბლოგი ეძღვნება საღვთისმეტყველო და ისტორიულ საკითხებს

Tuesday, 24 January 2017

ქართველ-სომეხთა საეკლესიო საკითხისთვის


608 წელს მცხეთის და ეჩმიაძინის სამოციქულო საყდრებმა ერთმანეთთან ევქარისტული კავშირი გაწყვეტეს. ქართულმა ეკლესიამ აღიარა ქალკედონის IV მსოფლიო კრება და ამით "ჰრომთა" ოფიციალურ პოზიციას მიემხრო. სომხური ეკლესია კი იმ პერიოდში რომის იმპერიის აღმოსავლეთში - ანტიოქიის და ალექსანდრიის საპატრიარქოებში პოპულარულ ანტიქალკედონიტურ პოზიციებზე დარჩა.

იმპერატორ ზენონის ჰენოტიკონი ამ ორი დაპირისპირებული მხარის შერიგების მცდელობას წარმოადგენდა.
ქალკედონის 451 წლის კრების წინააღმდეგ აჯანყებულ აღმოსავლეთთან - ანტიოქიასა და ალექსანდრიასთან შემორიგებას კონსტანტინეპოლის - ოეკუმენის პატრიარქი სერგიც ცდილობდა. რის გამოც ის გარკვეულ კომპრომისებზედაც მიდიოდა, ამან რომის სამოციქულო საყდარი განარისხა და რომის კათედრამ კონსტანტინეპოლთან თანაზიარება შეწყვიტა.

რომის საყდართან ცდილობდნენ ურთიერთობის დარეგულირებას იმპერატორები და კონსტანტინეპოლის პატრიარქები.

იმპერატორმა მავრიკიუსმა კი  ირანთან ომის კვალობაზე, მონოფიზიტის დევნაც დაიწყო. ზუსტად მე-6 საუკუნის მიწურულს, მავრიკიუსმა თითქმის მთელი არმენია დაიკავა, სომხეთში უკვე ქალკედონიტური ალტერნატიული საკათალიკოსო - ავანის საკათალიკოსო დაარსა.
***


მცხეთის საყდარს ქალკედონის მსოფლიო კრება მაშინვე არ უღიარებია.

ცნობილია რომ 506 წლის დვინის ადგილობრივ კრებაზე, სომხურმა, ქართულმა და ალვანურმა ეკლესიებმა ერთხმად შეიწყნარეს იმპერატორ ზენონის ჰენოტიკონი და ანათემას გადასცეს ნესტორიელობა და ევტიქიელობა. ამ კრებაზე ქართლის კათალიკოსი უწმინდესი გაბრიელი 23 ეპისკოპოსთან ერთად ეწრებოდა.

დაუდასტურებელი ცნობებით, ქართული ეკლესია ვაღარშაფათის (ეჩმიაძინის) 491 წლის კრებასაც   დაეწრო, რომლის გადაწყვეტილებები დვინის პირველი კრების (506წ) ანალოგიური იყო.


***

ჩემთვის საინტერესო ამონარიდები კათალიკოსების მიმოწერიდან..

ჩვენი და თქვენი მამები მეფის ქვეშევრდომნი იყვნენ და იერუსალემის სარწმუნოებრივ აღსარებას მისდევდნენ. ამნაირადვე ჩვენც და თქვენც, თუმცა მეფეთა-მეფის ქვეშევრდომნი ვართ, იერუსალემის სარწმუნოებას აღვიარებთ და მივდევთ ( ქართლის კათალიკოსი კირიონი)
***

ჩვენი ორი ქვეყნის აღსარებაში, რომელიც სასწაულებრივი დაფუძნებით უფლის უშიშარი და გულადი მოღვაწის გრიგოლისაგან დამყარებულ იქმნა, ახალსახეობა ნუ იქმნება (სომეხთა კათალიკოსის მოსაყდრე ვრთანესი)

***
ჩვენ მართლმადიდებელი სარწმუნოება გვასწავლა, რომელიც თითონ იერუსალემში ისწავლა. ეს განგვიმტკიცა და უცდომელი ჩვენი და თქვენი სარწმუნოებაც სწორედ ეს არის ( ქართლის კათალიკოსი კირიონი)

ეს იგი, ამ დიალოგებიდან ჩანს, რომ

1.  კათალიკოსი კირიონი, ავტორიტეტად აღიარებდა წმ.გრიგოლ პართელს.
2. საინტერესოა რა იგუსლისხმება იერუსალიმურ სარწმუნოებაში. ამ სიტყვებში საუბარია ზოგადად ქრისტიანულ რჯულზე თუ გარკვეულ საეკლესიო წეს-ჩვეულებებზე, რომლემიც ქართულ (და სომხურ) ეკლესიებს ჰქონდათ იერუსალიმიდან?

ისე, სომხური ვერსიით გრიგოლ პართელმა მთელი კავკასია გაანათლა.თუმცა ეს ვერსია არარეალისტური გამოდის,  სომხეთის ქრისტიანობაზე მოქცევის პოპულარული თარიღის - 301წ ნაკლებად დამაჯერებლობის გამო. ჩემი დაკვირვებით სომხეთმა და ქართლმა ქრისტიანობა ერთ დროს მიიღეს, 4-5 წლის ინტერვალით. თუკი გავითვალისწინებთ რომ მეფე მირიანის დროს ქართლმა სამხრეთი ტერიტორიები შემოიერთა არმენიისგან, მაშინ რეალურია რომ წმ.გრიგოლს ქართლშიც (სომხეთის სამეფოში ადრე შემავალ ტერიტორიებზეც) რომ ექადაგოს.

P.S. 301 წელი სომხეთის გაქრისტიანებისთვის არარეალისტურია, იმიტომ რომ იმპერატორ დიოკლეტიანეს ზეობის პერიოდი 305 წელს მთავრდება, ხოლო წმ.გრიგოლ პართელის ეპისკოპოსად მაკურთხეველი  ლეონტი კესარიელის მთავარეპისკოპოსობის პერიოდი 315-325 წლებია..შესაბამისად, ან გრიგორის ქრისტიანული მოღვაწეობა ვერ იქნება თანადროული დიოკლეტიანეს და ლეონტი კესარიელისა. წმინდა ნინოს ცხოვრებაც ზუსტად ამ პროცესებზეა მიბმული.ერთი სიტყვით, წმ.გრიგოლი და იოანე მთავარეპისკოპოსი (ქართლისა) თანადროულად მორვაწეობდნენ. მე უფრო ვემხრობი სომხეთის მოქცევის  323 წლის და ქართლის მოქცევის 328 წლის ვერსიას.






No comments:

Post a Comment