ბლოგი ეძღვნება საღვთისმეტყველო და ისტორიულ საკითხებს

Saturday, 7 January 2017

პალამიზმი, ნეოპალამიზმი


გამოჩენილი კათოლიკე თეოლოგი, "აღმოსავლეთის ეკლესიის დოგმატიკის" ავტორი მარტინ  ჟუჟი  ძალიან უარყოფითად მოიხსენიებს წმ.გრიგორი პალამას მოძღვრებას  უქმნელი ენერგიების და თაბორის სინათლის შესახებ. ცნობილი თეოლოგი ჟუჟი შეიძლება პირველ ანტიპალამიტად მივიჩნიოთ,  ლათინური წესდების მიმდევარებს შორის. სხვა ანტიპალამიტები - ვარლამ კალაბრიელით დაწყებული და აკინდინით და ნიკიფორე გრეგორათი დამთავრებული ბიზანტიელები იყვნენ და აღმოსავლური, მართლმადიდებლური ეკლესიის წიაღში მოღვაწეოდნენ და მათი რაიმე ფორმით შეკავშირება რომთან მათი მოღვაწეობის შემდგომ პერიოდში მოხდა.
უნდა აღინიშნოს , რომ რომს ოფიციალურად არ აქვს მიღებული არანაირი დადგენილება უქმნელი ენერგიების და თაბორის სინათლის სწავლების დაგმობის თუ უარყობის შესახებ.
ისე მსჯელობა იმის შესახებ, რომ პალამიზმი შეუთავსებელია თომიზმთან, თომა აქვინელის „სქოლასტიკასთან“ პირობითია. ვინაიდან, თომიზმის მრავალი ინტერპრეტაცია არსებობს და შუა საუკუნეების თომიზმი განსხვავდება სქოლასტიკაში არსებულ თანამედოვე მიდგომებისგან.
მე-20 საუკუნეში რუსმა ემიგრანტმა თეოლოგებმა პალამას სწავლება გამოიყენეს დასავლურ სქოლასტიკასთან დაპირისპირებისთვის. გრიგორი პალამას სწავლება უქმნელი ენერგიების და თაბორის სინათლის შესახებ მართლმადიდებლური ეკლესიისთვის თავისებურ იდენტიფიკატორად“ იქცა.  ასეთი იმპულსი რუსეთის ემიგრანტ თეოლოგებს მისცა იოანე მეინდორფის სტატიამ პალამას ცხოვრების და სწავლების შესახებ. რასაც შემდეგ მოყვა  პალამას თეოლოგიის განვითარება ვლადიმერ ლოსკის მიერ (ნეოპალამიზმი).  დღეს პალამიზმი მართლმადებლობის მთავარ განმასხვავებელ ნიშნად მიიჩნევა მართლმადიდებლურ ოეკუმენაში. პალამიტური კრებების სტატუსი, ახლაც დავის საგანს წარმოადგენს მართლმადიდებლურ ოეკუმენაში.  ზოგი პალამიტურ კრებებს (1341, 1344,1351, 1368 წ.წ.) მსოფლიო კრებების მნიშველობას ანიჭებს, ზოგი თეოლოგი კი მიიჩნევს, რომ ამ კრებებს ადგილობრივი ხასიათი ჰქონდათ. ფაქტია, რომ ოფიციალურად წმ.გრიგორი პალამას  სწავლებას უქმნელი ენერგიების და თაბორის სინათლის შესახებ არ აქვს დოგმატური და საყოველთაო ხასიათი, თუმცა საღვთისმეტყველო და კლერიკალურ წრეებში ეს სწავლება საკმაოდ პოპულარულია.
მე-15-მე-19 საუკუნეების მართლმადიდებლურ ღვთისმეტყველებაზე საუბრის დროს, ხშირად ითქმის  „პალამას დავიწყებასა“   და ე.წ. დასავლურ ტყვეობაზე. იმყოფებოდა თუ არა მართლმადიდებლური ღვთისმეტყველება კათოლიკურ ტყვეობაში?
ფაქტია, რომ რუსი მიტროპოლიტის მაკარის „დოგმატიკა“ და მიტროპოლიტის ფილარეტის „კატეხიზმო“ თეოლოგიის კათოლიკური სახელმძღვანელოების  საფუძველზე შეიქმნა. ( ეს იყო მე-19 საუკუნეში), და პალამას სწავლებაზე არაფერს ამბობდა....


No comments:

Post a Comment