ბლოგი ეძღვნება საღვთისმეტყველო და ისტორიულ საკითხებს

Saturday, 7 January 2017

პატრიარქი ფოტიუსი და პაპი ნიკოლოზი (ნაწილი I)

ფოტიუსმა საპატრიარქო ტახტზე ასვლისთანავე დააგზავნა ენტრონისტიკა რომის პაპ ნიკოლოზს და აღმოსავლეთის პატრიარქებს. აღმოსავლეთის პატრიარქებმა მყისვე მხარი დაუჭირეს ახლად ინტრონიზებულ პატრიარქს. იმ პერიოდში იმპერია არაბთა ხალიფატისგან შევიწროებას განიცდიდა და აღმოსავლეთის პატრიარქები იმპერიის ნებისმიერ წამოწყებას უჭერდნენ მხარს, რას შეეხება რომის პაპს, მისგან აღიარების  მიღება საკმაოდ რთული იყო...

პაპი თავიდანვე იყო ჩართული "ფოტიუსის საქმეში", განკვეთილი სირაკუზის მიტროპოლიტის გრიგორი ასვესტის  მეშვეობით, რომელმაც აპელაციით მიმართა რომს, ვინაიდან გრიგორი ასვესტი  კონსტანტინეპოლის პატრიარქ ეგნატიუსის მიერ მის განკვეთას უკანონოდ მიიჩნევდა.

859 წელს რომში ელოდებოდნენ პატრიარქ ეგნატიუსისგან  სირაკუზის მიტროპოლიტის საქმეზე ბრალდებებს. თუმცა ახლა უკვე თავად  კონსტანტინეპოლის პატრიარქმა ეგნატიუსმა დაკარგა კათედრა, და მის მაგივრად  ოეკუმენის საპატრიარქოს კათედრაზე ფოტიუსი აიყვანეს, თანაც ის პატრიარქად მღვდელმოქმედება შეჩერებულმა სირაკუზის მიტროპოლიტმა გრიგორ ასვესტამ აკურთხა... ასე რომ რომეების იმპერიაში მომხდარი ამ  დავიდარაბის პირობებში პაპი ნიკოლოზი ფოტიუსის ინტრონიზაციას არ აღიარებდა....

იმ პერიოდში რომის სამოციქულო საყდარი უზენაესი სასამართლო ინსტანციის პრეროგატივით სარგებლობდა. ფოტიუსის ოეკუმენის პატრიარქად აღსაყდრება სწორედ საეკლესიო კანონების უგულებელყოფით განხორციელდა. პაპ ნიკოლოზს ეჭვი შეეპარა ფოტიუსის პატრიარქად კურთხევის კანონიერებაში და პაპმა პატრიარქ ეგნატიუსის გადაყენების და ფოტიუსის პატრიარქად კურთხევის მიზეზებში დეტალურად გარკვევა გადაწყვიტა. პაპს აგრეთვე დააინტერესა, თუ რატომ რომში არ იყვნენ გაგზავნილი სირაკუზის  განკვეთილი მიტროპოლიტის გრიგორი ასვესტას ელჩები.

 ზემოთ დასახელებულ საკითხებში გარკვევისთვის რომის პაპმა კონსტანტინეპოლში თავისი ლეგატები გააგზავნა. მაგრამ საიმპერატორო კარის წნეხის ქვეშ მყოფმა ლეგატებმა თავიანთ უფლებამოსილებას გადააჭარბეს და 861 წელს მათთვის სპეციალურად მოწვეულ კრებაში მიიღეს მონაწილეობა. (861 წლის ორმაგი კრება). ამ კრებაზე    ლეგატებმა აღიარეს ოეკუმენის პატრიარქის ეგნატიუსის გადაყენების კანონიერება და გაამართლეს  სირაკუზის  განკვეთილი მიტროპოლიტი გრიგორი ასვესტა.
რომში მიმავალ ლეგატებს ფოტიუსმა გაატანა კრების დადგენილება და თავისი არჩევის აპოლოგია, რომელშიც საერთოდ სიტყვა არ იყო თქმული ორ მნიშვნელოვან საკითხზე:
1. განკვეთილი მიტროპოლიტის გრიგორი ასვესტას მიერ ფოტიუსის პატრიარქად კურთხევაზე.
2. პატრიარქ ეგნატიუსის ძალადობრივი გზით გადაყენების საკითხზე.
ისიც არის გასათვალისწინებელი, რომ პატრიარქ ეგნატიუსს თავისი გადადმობის წერილიც არ ჰქონდა დაწერილი.
ეს ორი გარემოება, ფოტიუსის ოეკუმენის  - კონსტანტინეპოლის პატრიარქად აღსაყდრებას სრულებით კანონგარეშე აყენებდა. 861 წლის .. ორმაგი კრების შემდეგ  ფოტიუსს პაპის გულის მოგების და  საპასუხო კეთილგანწყობის იმედი ჰქონდა ამიტომ მან რომის პაპის ლეგატებს საშუალება მისცა რომ ძალით გადაყენებულ პატრიარქ ეგნატიუსზე სასამართლო მოეწყოთ და ამით რომის საყდრის პირველობაზე ხაზი გაესვათ.
  მაგრამ ფოტიუსის ამ მცდელობამ, რომ პაპის კეთილგანწყობა მოეპოვებინა დიპლომატიური კრახი განიცადა. პაპმა უარყო თავისი ლეგატების ქმედებანი და ამით ფოტიუსი არასახარბიელო მდგომარეობაში აღმოჩნდა. ფოტიუსმა ხომ რომის კათედრიდან წარმომადგენლებს კონსტანტინეპოლშიტრიბუნალისმოწყობის საშუალება მისცა და ამისგან ვერაფერს მიაღწია.
 ამასობაში ძალით გადაყენებულმა ოეკუმენის პატრიარქმა ეგნატიუსმა რომის სამოციქულო საყდარს აპელაციით მიმართა. მისი  სააპელაციო წერილი რომში ნეტარმა თეოქტისტე სტუდიელმა ჩაიტანა. რომის პაპმა სრულებით კანონიერად გადაწყვიტა რომში სააპელაციო სასამართლოს მოწყობა და ფოტიუსისგან წარმომადგენლების რომში გაგზავნა მოითხოვა.
ფოტიუსმა რომში თავისი წარმომადგენლები არ გააგზავნა და 863 წელს რომში კრება ჩატარდა ფოტიუსის წარმომადგენლების გარეშე. რომის კრებამ აღიარა ეგნატიუსის ოეკუმენის პატრიარქობის კანონიერება, ხოლო ფოტიუსი უზურპატორად გამოაცხადა, იმ მიზეზით რომ ფოტიუსი ცოცხალი პატრიარქის არსებობის დროს იყო დანიშნული და განკვეთილი მიტროპოლიტის მიერ იყო ხელდასხმული . 863 წლის რომის კრებამ ფოტიუსი, გრიგორი ასვესტა და მათი მომხრეები ათემას გადასცა.

მიუხედავად იმისა, რომ ოეკუმენის  საპატრიარქოში არსებული საეპისკოპოსო კათედრებზე ეგნატიუსის მომხრეების ფოტიუსის მომხრეებით ხდებოდა ჩანაცვლება, რომთან კავშირის გაწყვეტამ ახალი პატრიარქის რეპუტაცია მნიშვნელოვნად შეარყია  იმპერიაშიგადაყენებული პატრიარქის ეგნატიუსის მომხრეების რიგები სულ უფრო მრავალრიცხოვანი ხდებოდა. ახალი პატრიარქის ფოტიუსის ერთადერთ დასაყრდენად საიმპერიო ხელისუფლება რჩებოდა, რომელიც აგრეთვე არ იყო რომთან ურთიერთობის გაწყვეტის მსურველი. თანაც იმ პერიოდში რომეების იმპერია დასავლეთის იმპერატორ ლუდოვიკო მეორესთან ერთად ბარიის არაბთა საამიროს წინააღმდეგ ლაშქრობას გეგმავდა.

No comments:

Post a Comment