ბლოგი ეძღვნება საღვთისმეტყველო და ისტორიულ საკითხებს

Thursday, 19 January 2017

წმინდა პეტრეს რომის სამოციქულო კათედრისთვის




შემთხვევით მოვხდი ამ გვერდზე  http://zneoba.ge/3178

ამბიცია მაქვს იმისა, რომ ვთქვა რომ ასე თუ ისე გათვიცნობიერებული ვარ რომის კათოლიკური ეკლესიის სწავლებაში...


უზუსტობებზე მინდა შევაჩერო  მკითხველის ყურადღება.

ამ ინტერნეტ საიტზე მითითებული 11 თავიდან, მხოლოდ ხუთ თავზე შეიძლება საუბარი, როგორც დოგმატურზე, დანარჩენი 6 თავი უფრო ჩვეულებებია ლათინური წესდების კათოლიკეებისა, ვიდრე დოგმატური ცდომილება.

  მკითხველის ცნობისათვის, ლათინური წესდების კათოლიკეების გარდა, არსებობენ კიდევ ანტიოქიური, სომხური, ასურული, ბიზანტიური და სხვა წესდებების კათოლიკური ეკლესიები, სულ თუ არ ვცდები 23 ეკლესიაა, ლათინური კი ერთერთი მათგანია. თავად ლათინური წესდებაც არ არის ერთგვაროვანი და რამოდენიმე ვერსიას მოიცავს.

შევჩერდები რომის პაპის პრიმატის და უცდომელობის საკითხზე

პირველი და მეორე თავები ეხება რომის პაპის პირველობას და უცდომელობას.
ვატიკანის მეორე კრების შემდეგ დადგინდა, რომ ეკლესიას მმართავს პაპი და ეპისკოპოსთა კოლეგია. რაც ჩემის აზრით სრულებით მართლმადიდებლურია და სახარებისეულია. და აი რატომ, სახარებაში ხშირად შეგვხდება ფრაზები, პეტრე და სხვა მოციქულები, პეტრე და 11 და სხვა. ანუ აშკარაა რომ წმინდა ოთხთავში პეტრე მოციქულის როლი გამოყოფილია.

ისტორიულად, ხუთი დიადი კათედრიდან (რომი, კონსტანტინეპოლი, ალექსანდრია, ანტიოქია, იერუსალიმი), სამის დაფუძნება დაკავშირებულია წმ.პეტრესთან.

ანტიოქიის კათედრა თავად პეტრე მოციქულმა დააფუძნა, ალექსანდრიის - პეტრე მოციქულის მოწაფემ მარკოზმა.
რომს რაც შეეხება, რომში პეტრე მოციქული, (აგრეთვე პავლე მოციქულიც) აღესრულა. ამ ქალაქში წმ.პეტრემ მოწამეობრივი სისხლი დაღვარა. ამიტომაც სხვა კათედრებთან შედარებით უპირატესია რომის კათედრა.

ის არგუმენტი, რომ რომი პირველი იყო, იმიტომ რომ დედაქალაქი იყო იმპერიისა, კრიტიკას ვერ უძლევს, მოციქულთა თავის სისხლმა გახადა რომის კათედრა პირველი.

"და მიგცნე შენ კლიტენი სასუფეველისა ცათაჲსანი; და რომელი შეჰკრა ქუეყანასა ზედა, კრულ იყოს იგი ცათა შინა; და რომელი განჰჴსნა ქუეყანასა ზედა, ჴსნილ იყოს იგი ცათა შინა."(მათე 16:19).


ეს სიტყვები მაცხოვარმა წმ.პეტრეს მისამართით სთქვა. ამ ფრაზიდან გამომდინარე, რომის პაპებს აქვთ პირველობის პრეტენზია. პაპის, როგორც წმინდა პეტრე მოციქულთა თავის მემკვიდრის პრიმატი აღიარებული იყო წმინდა მამების მიერ - იოანე ოქროპირის, ათანასე ალექსანდრიელის, კირილე ალექსანდრიელის, მაქსიმე აღმსარებლის და სხვების მიერ. თუკი გავეცნობით მსოფლიო კრებების დადგენილებს, დავრწმუნდებით რომ რომის კათედრას მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა ეკლესიის ცხოვრებაში, მაგ.წმ.ათანასე ალექსანდრიელი, ნეტარი თეოდორიტე კვირინელი აპელაციით მიმართავდნენ რომს, როდესაც მათ წინააღმდეგ უსამართლობას ჰქონდა ადგილი, თანაც ისინი სხვა საპატრიარქოების წარმომადგენლები იყვნენ.

 კონსტანტინეპოლის პატრიარქი ფოტიუსიცკი, აღიარებდა რომის კათედრის უპირატესობას და მის წარმომადგენლებს თავისი ოპონენტი პატრიარქის ეგნატიუსის გასამართლების საშუალებასაც კი აძლევდა რომეების იმპერიის დედაქალაქ კონსტანტინეპოლში!!!


"უცდომელობის" საკითხისთვის

- ობივატელებს, სწავლებაში უცდომელი  უცოდველად მიაჩნიათ..უცდომელობა სწავლებაში უცოდველობას არ ნიშნავს.. ვინც ამ ორ ტერმინს სინონიმს უწოდებს, ის ცრუობს.

მართლმადიდებლური ეკლესიის სწავლების  მიხედვით წმინდა კრება არის უცდომელი სწავლებაში და წარმოადგენს ეკლესიის ხმას. წმინდა კრება სული წმინდის კარნახით იღებს გადაწყვეტილებებს. კრების თავმჯდომარე კი არის პრიმატი. ზუსტად ამიტომაც არის პაპი უცდომელი, როგორც ეკლესიის ხმის გამხმოვანებელი. ანალოგიური უცდომელობა გააჩნიათ ყველა ადგილობრივი ეკლესიების საჭეთმპყრობელებს.

თეზისი, იმის შესახებ, რომ რომის ეპისკოპოსებმა ამპარტავნულად მიიღეს ტიტული "ღმერთის მოადგილესი" ვერ უძლებს კრიტიკას. ეს თეზისი ანტიმართლმადიდებლურია.

წმინდა ეგნატე ღმერთშემოსილი ყველა ეპისკოპოსს უწოდებს ქრისტეს ნაცვალს...ყველას!

Vicarius Christi

 თუკი ყველა ეპისკოპოსი არის ქრისტეს ნაცვალი, მაშ რომის ეპისკოპოსი თავის იურისდიქციაში რატომ არ არის ქრისტეს ნაცვალი? ისე ზოგადად, ყველა მღვდელი სამრევლოში ქრისტეს სახეა.

 ვისაც ეს საკითხი აინტერესებს, გაეცნოს წმ.ეგნატე ღმერთშემოსილის თხზულებებს ევქარისტიის შესახებ.

****

იურისდიქციულად ეკლესია რამოდენიმე დონიანია.. ეკლესიის წყაროა ქრისტე  (ἀρχι)


1. სამრევლოს დონე, რომლის პრიმატია prōtos (თავია) მღვდელი
2. ეპარქიის, დიოცესის დონე - პრიმატია prōtos ეპისკოპოსი
3. სამიტროპოლიტოს დონე -  პრიმატია prōtos მიტროპოლიტი
4. ადგილობრივი ან ავტონომიური ეკლესიის დონე - პრიმატია prōtos მიტროპოლიტი, მთავარეპისკოპოსი, კათალიკოსი ან პატრიარქი
5. ბოლო არის უნივერსალური დონე, რომლის პრიმატია prōtos კათოლიკური ეკლესიის ვერსიით რომის კათედრა - რომის პაპი, აღმოსავლური ეკლესიის ვერსიით კი უნივერსალურ დონეზე პრიმატი ვაკანტურია და ეკლესიის თავად ქრისტე ცხადდება.. თუმცა უფრო ლოგიკური და თანმიმდევრული  იქნებოდა, უნივერსალურ დონეზე პრიმატად ოეკუმენის - კონსტანტინეპოლის პატრიარქის აღიარება.

უფალი არის ეკლესიის წყარო, საწყისი,ἀρχι  მაგრამ არა პირველკაცი. ეკლესიის პირვეკაცები - prōtos (ხუთივე დონის იერარქია) არიან ქრისტეს სახე ევქარისტიაში. თუკი უფალი არის პრიმატი, მაშინ სასულიერო დასი აღარ არის საჭირო.


ყველა დონეზე, სადაც სრულდება ევქარისტია, მყოფობს უფალი იესო ქრისტე, არის ეკლესიის სისრულე და სისავსე.

P.S. პრინციპი  პირველი თანასწორებს შორის (Primus inter pares) აქ ვერ მოქმედებს. ხარისხით ყველა ეპისკოპოსი თანასწორია, მაგრამ მდგომარეობით და სტატუსით არა. ამაზე ეკლესიის  2 ათასწლოვანი ისტორია  და გამოცდილება მეტყველებს. ხარისხით თორმეტივე მოციქული  თანასწორი იყო, მაგრამ მსახურებით არა.













No comments:

Post a Comment