ბლოგი ეძღვნება საღვთისმეტყველო და ისტორიულ საკითხებს

Friday, 13 January 2017

პატრიარქი ფოტიუსი და პაპი ნიკოლოზი (ნაწილი II) - ბულგარეთის საკითხი


რომთან კონფლიქტმა პატრიარქ ფოტიუსს მნიშვნელოვნად  შეურყია პოლიტიკური მდგომარეობა. ამ წარუმატებლობას კიდევ დაემატა წარუმატებლობები "ბულგარეთის ფრონტზე".
865 წელს ბულგარეთის მთავარმა ბორისმა გადაწყვიტა რომეების იმპერიის მეკავშირედ გახდობა და ბიზანტიელი სამღვდელოებისგან ნათლობის მიღება განიზრახა. ისტორიულად ბულგარეთი რომეების იმპერიის სამხედრო მოწინააღმდეგეს წარმოადგენდა და ბულგარეთის სამთავროს ქრისტიანობაზე მოქცევა, იმპერიის ორბიტაზე ბულგარეთის დამკვიდრებას ნიშნავდა. მაგრამ გაუგებარი მოტივაციით პატრიარქმა ფოტიუსმა ბულგარეთის მთავარს ბულგარეთში ეპისკოპოსის გაგზავნაზე უარი უათხრა. რომეების იმპერიიდან ამ სამთავროში მხოლოდ მღვდლები იყვნენ წარგზავნილნი. ამან გამოიწვია ბულგარეთის მთავრის ბორისის განაწყენება და ბულგარეთის პოლიტიკური სიმპათიები რომისკენ გადაიხარა. 866 წელს მთავარი ბორისი რომში ელჩობას აგზავნის და რომის სამოციქულო საყდარს ეპისკოპოსის გამოგზავნას სთხოვს ბულგარეთის ეკლესიის სამმართავად.
იმ პერიოდში რომი ბულგარეთის ტერიტორიას თავის იურისდიქციაში მიიჩნევს. ვინაიდან ბულგარეთი ილირიკიის დიოზესში შედიოდა, რომელიც ხატმებრძოლი რომეების იმპერატორების დროს ჩამოერთვა რომის სამოქიცულო საყდარს და კონსტანტინეპოლის ოეკუმენური საპატრიარქო კათედრას დაექვემდებარა. ამ აქტს რომი უკანონობად მიიჩნევდა და არ აღიარებდა. ასე რომ ილირიკის დიოცეზი რომისა და კონსტანტინეპოლის საყდრებს შორის კონფლიქტის მიზეზი გახდა.
პაპმა ნიკოლოზმა მაშინვე გააგზავნა ბულგარეთში მრავალრიცხოვანი ელჩობა, რომელსაც რამოდენიმე იტალიელი ეპისკოპოსი და უამრავი მღვდელი ახლდა. ამ წარმატების აღფრთოვანებულმა ბულგარეთის მთავარმა ბორისმა თავისი სამთავროდან ბიზანტიელი მღვდლების განდევნა გადაწყვიტა.
ბიზანტიელი სასულიერო პირების განდევნის ამბავმა დიდი უკმაყოფილება გამოიწვია კონსტანტინეპოლში. ბულგარეთის რომზე ორიენტაცია დიდი საფრთხის მომცველად მოიაზრებოდა რომეების დედაქალაქში. რომის კათედრისადმი ბულგარეთის დაქვემდებარება ოეკუმენის ახალი პატრიარქის ფოტიუსის პოლიტიკური დასაყრდენის - საიმპერიო კარის ელიტის აღშფოთებას იწვევდა, საიმპერიო წრეებში მაშინვე მიიღეს გადაწყვეტილება დასავლელი მისიონერების მიერ ბულგარეთის დაპყრობის დაგმობის შესახებ. ამისათვის საიმპერიო კარმა მსოფლიო კრების მოწვევა განიზრახა.
მაგრამ მსოფლიო კრების მოწვევისთვის საჭირო იყო მწვალებლობის არსებობა, რომელიც უნდა დაეგმო მსოფლიო კრებას. პოლიტიკური მოტივებით მსოფლიო კრება ვერ მოიწვეოდა. ამის გარდა მსოფლიო კრება ითვალისწინებდა დასავლეთის ეკლესიის მონაწილეობასაც, რაც შეუძლებელი იყო, ვინაიდან რომს ანათემაზე ჰყავდა გადაცემული ფოტიუსი. ზუსტად ამ რეალიებიიდან გამომდინარე დაიწერა ფოტიუსის ცნობილი საოლქო მიმართვა 867 წელს.


No comments:

Post a Comment